ვფიქრობ, სააკაშვილი ხვალ ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას – ხერხეულიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ ხვალ ვერ შეძლებს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

“არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. მე ვფიქრობ, რომ ხვალ ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას. ამის გამო მას ძალიან გული წყდება, რადგან იცით, რომ სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად და, რა თქმა უნდა, დასანანია, რომ, სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს პროცესზე”,– ამბობს ხერხეულიძე.

ცნობისთვის, ხვალ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებას განიხილავენ.