ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა..იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის – მზია ამაღლობელი

“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი  უკვე 1 კვირაა შიმშილობს. ინფორმაცია ამის შესახებ, უფლებადამცველების დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საიას“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ფორმით ის გამოხატავს პროტესტს იმ საქმის მიმართ, რომელსაც ყველა აბსურდად აფასებს.

გამოცემა ნეტგაზეთი მზია ამაღლობელის წერილს ავრცელებს.

  • “ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან.” – წერის ამაღლობელის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაწერილ წერილში.

ათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს