უკრაინის პრეზიდენტმა აშშ–ს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს და ისრაელს მოუწოდა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შეტევებისგან დასაცავად.
ზელენსკის თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია სახელმწიფო, ვისაც მსგავსი სისტემების მიცემა შეუძლიათ და ჯერჯერობით მათ ფრთხილი პოზიცია აქვთ.
“დღეს ჩვენთვის პრიორიტეტია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. არ ვიცი ეს სწრაფად როგორ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ ეს საუბრები დავიწყეთ და არის დადებითი შედეგები NASAMS და IRIS-T–ს მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით რამდენიმე სისტემას, თუმცა ჯერჯერობით ერთიც არ მიგვიღია “–თქვა ზელენსკიმ ევროკომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
“სერიოზულად ვარ განწყობილი, მაგრამ ჯერჯერობით დადებითი რეაქცია არ გვქონია ისრაელისგან“– დასძინა მან.
უნდა ითქვას, რომ ზელენსკის მიერ ჩამოთვლილი ევროპის ქვეყნებისა და აშშ–სგან განსხვავებით, ისრაელს უკრაინისთვის არ მიუწოდებია და არც დაპირებია სამხედრო დახმარებას და ის მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთებით შემოიფარგლა.
ზელენსკიმ ამავე პრესკონფერენციაზე დასავლელ მოკავშირეებს სთხოვა უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ იმისათვის, რომ შეტევის ტემპები დაჩქარდეს და ეს ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.