ზელენსკი განმარტავს, რატომ ვერ გადადის უკრაინა შეტევაზე და ამბობს რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული არმია რუსულ არმიას ტექნიკის თვალსაზრისით ჩამორჩება და ამის გამო შეტევაზე ვერ გადადის.

“ჩვენ დიდი დანაკარგები გვექნება, ადამიანები კი ჩემთვის პრიორიტეტია.“–თქვა ზელენსკიმ გაზეთ Financial Times–თან ონლაინ–კონფერენციისას.

მან ასევე განაცხადა საკუთარი მზადყოფნის შესახებ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მისი თქმით, მოლაპარაკებები პირისპირ უნდა გაიმართოს, რადგან ომის შეწყვეტას სხვასთან ვერავისთან განიხილავს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის აზრით გამარჯვება ბრძოლის ველზე უნდა იქნას მოპოვებული. მან რუსული ძალების განდევნას ომამდელ პოზიციებამდე “უკრაინისთვის დროებითი გამარჯვება“ უწოდა, მისი საბოლოო მიზანი კი “მთელ ტერიტორიაზე სრული სუვერენიტეტია.“

ზელენსკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით და სანქციების გამკაცრებით, მათ შორის ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოთი. ზელენსკი ამბობს, რომ მოკავშირეებმა უნდა მიაღწიონ მოსკოვის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას.

ამის ნაცვლად, ზელენსკის თქმით, დასავლეთის ზოგიერთი მთავრობა უკვე დაიღალა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეკონომიკური შედეგებით და საკუთარი კომერციული ინტერესების დასაცავად მათი შემსუბუქების გზებს ეძებს.