ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის 15 მარტს დაინიშნა, გასული წლის თებერვალში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მანამდე ედუარდ მოსკალევი იყო ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების “ოდესას”  მეთაური და შტაბის უფროსი – ოპერატიული სარდლობის “ვოსტოკის” ჯარების მეთაურის პირველი მოადგილე.

გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობა უკრაინაში იმისათვის შემოიღეს, რომ მან  მართოს ყველა სამხედრო და სამართალდამცავი ქვედანაყოფი, რომელიც ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფაში და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოგერიებაში მონაწილეობს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.

გაერთიანებული ძალების მეთაურს გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით პრეზიდენტი ნიშნავს.