‘ზელენსკის დამსახურებაა, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სირცხვილი აჭამა ჩვენს ქვეყანას”- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას.
”სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული უკრაინული კატარღა, რომელიც ახორციელებდა მშვიდობიანი გავლის უფლებას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რაც დაშვებულია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით. ისინი დააკავეს იმიტომ რომ ამ კატარღაზე იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი ჩემი პრეზიდენტობის დროს, მიხეილ ბატურინი და რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ კატარღაზე შეიძლებოდა ვყოფილიყავი მე.
მას შემდეგ, რაც ვერ აღმომაჩინეს, ესენი მაინც დააკავეს, დააპატიმრეს და პროკურატურა მათ სთხოვდა ბრალის აღიარებას გაშვების სანაცვლოდ. მათ სთავაზობდა პროცესუალურ გარიგებას, რაზეც უკრაინელებმა და ბატურინმაც უარი თქვეს იმიტომ რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები, ამის გამო 9 თვე ჰყავდათ ციხეში. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა და გააუქმა ორმხრივი სამიტი საქართველოსთან და თქვა, რომ არ ჩავიდოდა არც ევროკავშირის მიერ მოწყობილ სამიტზე, და მაია სანდუმ, მოლდოვას პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ უკრაინელები არ ჩავიდოდნენ, ისიც არ ჩავიდოდა, ე.ი. სამიტი ეშლებოდათ, დღეს დილას, ფართხაფურთხით, დილის 7 საათზე, ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა და გამოაგდეს გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ უარი თქვეს შეწყალების განცხადების დაწერაზე.
უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ მათთან იყო ციხის უფროსი შესული, სთხოვა უკრაინელებს ცალკე დაეწერათ განცხადება და ბატურინს ტოვებდნენ, და უკრაინელებმა თქვეს, რომ არ დატოვებდნენ ბატურინს ციხეში იმიტომ რომ არიან უკანონოდ დაკავებულები და შესაწყალებელი არაფერი სჭირთ. ისინი შეიწყალეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი თხოვნის გარეშე. ბატურინთან ერთად. ეს არის დამსახურება პირველ რიგში პრეზიდენტი ზელენსკის და საერთაშორისო თანამეგობრობის.
და ის, როგორ სამარცხვინოდაც მოიქცა საქართველოს ე.წ. ხელისუფლება და უზურპატორები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ესენი არიან დროზე მოსაშორებლები. კიდევ ერთხელ სირცხვილი აჭამეს ჩვენს ქვეყანას და შელახეს მისი რეპუტაცია თავისი ამ არასოლიდური უკანონო და არანაირ ადამიანურ ნორმაში არჩამჯდარი მოქმედებით. და ამ ე.წ. პრეზიდენტმაც მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ ჩვეულებრივი მარიონეტი და შემსრულებელია ბატონის, ივანიშვილის ყველა ბრძანების,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.