პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე აცხადებს, პროკურატურა რატიანს ედავება პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის დარტყმას.
ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ზვიად რატიანი დუმილის უფლებას იყენებს.
“ზვიად რატიანს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსისთვის, თეიმურაზ მეშველაშვილისთვის სახეში ხელის გარტყმას ედავებიან. საქმეში მეშველაშვილის გამოკითხვის ოქმთან ერთად, მისი 2 მოადგილის გამოკითხვის ოქმიცაა. სავარაუდოდ, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, ჩვენ კი სხდომაზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ”. – თქვა რატიანის ადვოკატმა.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ადვოკატის თქმით, საქმეში დაზარალებულის და მისი ორი მოადგილის ჩვენებებია წარმოდგენილი.