ზვიად ძიძიგურის თქმით, თუ გახარია “მესამე ძალას” შექმნის, მას მხარს დაუჭერს

“კონსერვატიული” პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ თუ გიორგი გახარია მესამე ძალის ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, მისი პარტიის მხარდაჭერა ექნება.

,,რაც შეეხება, რა შემთხვევაში ექნება კონსერვატორების მხარდაჭერა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში მომწიფებულია სიტუაცია პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ერქმევა პირობითად “არც ბიძინა და არც მიშა”. თუ ასეთი ტიპის კონფიგურაციის ჩამოყალიბებას გიორგი გახარია შეუწყობს ხელს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება აზრთა გაზიარება.

თუკი ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ასეთ კონფიგურაციის ფორმირებაში, ან ფორმირებამდე კონსულტაციებში [მონაწილეობას]”,– ამბობს ძიძიგური პალიტრანიუსის ეთერში.

ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ ასეთი კონფიგურაციის შემთხვევაში, გახარიას არა მხოლოდ კონსერვატიული პარტიის, არამედ “ქართული ოცნების ძველი გვარდიის” წარმომადგენლების მხარდაჭერაც ექნება.

“მქონია კონსულტაციები პოლიტიკური ძალის “არც ბიძინა, არც მიშა” კონფიგურაციაზე, მაქვს და მექნება, სანამ ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, რომ ეს არის ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღუზა, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.