ზურაბ ზვიადაური იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში – ადვოკატი

ოლიმპიური ჩემპიონის, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ ის ბრალს არ აღიარებს, რადგან რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა.

“ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს. იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მართლზომიერად მოქმედებდა და თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა, რათა გადაერჩინა თავისი სიცოცხლე და თავისი ძმის სიცოცხლე.

თვითონ საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელს, ის იყო მისული იმიტომ, რომ თავისი ძმა გამოეყვანა იქედან, შარს აერიდებინა, მაგრამ ვერ მიუსწრო და ვერ შეძლო, დაუგვიანდა მისვლა, იმიტომ, რომ თავდამსხმელი უკვე ავტომატურ იარაღს ისროდა. ბრალის წაყენებას დღეს ველოდებით, საქმის მასალებს გავეცნობით”,– თქვა მან ტვ პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, ზვიადაურმა თავისი ძმის მკვლელს ესროლა. ზვიადაურის ძმა მის ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით ჩაცხრილეს.