რეჟიმის ტყვემ, ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია ვივამედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა.
“მას ჩაუტარდა მაშინვე ყველა აუცილებელი კვლევა და კონსულტაციები, რაც სჭირდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში და მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში. ლაბორატორიული შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- უთხრა ჩხაიძემ ფორმულას.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 48 დღეა შიმშილობს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“ამ დროს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია. როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს. თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე”, – წერია განცხადებაში.