ზურაბ ჯაფარიძე: ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ

გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას ეხმაურება და ამბობს, რომ ხვალ უნდა ამტკიცოს, რომ ირაკლი კობახიძის მონა არ არის.

“ხვალ 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ. პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო”,- წერს ჯაფარიძე Facebook–ზე.

ჯაფარიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციური თავისუფლების კუთხე დაიცავს.

მანდატების არშეჩერების შესახებ ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 12:00 საათიდან განიხილავს.

პარლამენტმა მოსარჩელე დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რაც, მათი აზრით, არაკონსტიტუციურია.