ზურაბიშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას პრეზიდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ის დღეს ესტონეთში გაემგზავრა.

“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას”, – წერია განცხადებაში.