„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში. უგულავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ყოფილი თანაგუნდელი, მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ მარტინის საკულტო საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პერსონაჟს, სერსეი ლანისტერს შეადარა. სერსეი დიდებისა და ტახტის შენარჩუნებისთვის მებრძოლი პერსონაჟია, რომელიც იცილებს ყველას და ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება.
„შარშან ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისი თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. საქმეში ოდნავ ჩახედულებისთვის ცხადი იყო. მიშა ბორგავდა და არ მოწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ ენმ ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა ბიძინამ მხოლოდ, არამედ მიშამაც და ის, რასაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120/30 მიღების მერე საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით, სამაგიეროდ ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ასევე „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი „ლიდერშიფიც“. ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა – ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა ან მე ან ბიძინა – სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო.
ვინც არ მიიღო ეს თამაშის წესი, მტერი აღმოჩდა, ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე “ევროპული საქართველო”, შემდეგ „გირჩი“ ანუ სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი “სატახტოთა თამაშების” მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფის და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და „ქოცების“ წინააღმდეგ. ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორ შეხმატკბილებულად ემზადება.
სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას – მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა“, – განაცხადა უგულავამ.