ზუსტად ვიცით, რომ ხვიბლიანი ბაზაზე გყავთ გამოკეტილი და აწამებთ – გვარამია შსს-ს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დავით ხვიბლიანი, რომელიც ზუგდიდში ბანკში თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, სინამდვილეში მისი თანამზრახველი იყო, შსს კი ამ ინფორმაციას არჩევნებამდე მალავს.

“რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი, ზუსტად ვიცით ჩვენც და ელისო კილაძემაც, რონ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ ცნობილი და გამოჩენილი შევარდნაძის დროინდელი ჯალათის, სამხედრო პოლიციაში ირაკლი ალასანიას მიერ რატომღაც დაბრუნებული სერგო ჩაჩიბაიას ხელით, და იმიტომ მალავთ მის დანაშაულში თანამონაწილეობას და აპრავებთ, რომ არჩევნებამდე არ გინდათ გაბაზრდეს, რომ მოქმედმა სამხედროებმა მძევლები აიყვანეს და ბანკი გაძარცვეს”,– წერს გვარამია ფესბუქზე.

ის ასევე ეხმიანება შსს–ს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. გვარამიას შსს–ს მიმართავს, იმედი არ ჰქონდეთ, რომ ვიღაცას “შეტენიან” ამ დანაშაულს.

“რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორისტს: იმედი არ გქონდეთ, რომ თქვენს სატყუარას გადავყლაპავთ. ნამდვილი ტერორისტის თვალები გვაქვს და თვალი თითის ანაბეჭდივით ერთადერთი და უნიკალურია. ასე რომ, თვალების სკანირებას გავაკეთებთ და შევადარებთ. იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას. აღნაგობის და ბოდილენგვიჯის (მიხრამოხრა, ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ) შედარებით და თვალების სკანირებით აუცილებლად დავადგენთ ნამდვილი დამნაშავე აიყვანეთ, თუ გვატყუებთ, როგორც ხვიბლიანის შემთხვევაში”,– აცხადებს ნიკა გვარამია.