“თავისი პოლიტიკური მომავალი დაასამარა, ვერ გაძლო ციხეში” – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა საპატიმროში და დაეწყო დეპრესია. ამის შემდეგ, მან გააკეთა განცხადება, რომ მიდის პოლიტიკიდან, არ გაეკარება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს, თუ მას გაათავისუფლებენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე წარმოედგინა ან მტერს, ან მოყვარეს. ამიტომ მან პოლიტიკური აქტივობა ხვალ და ზეგ რომ ისეთი ეფექტურობით წამოიწყოს, როგორიც ჩვენ გვახსოვს, ეს გამორიცხულია. რადგან, მან დაასამარა ერთწლიანი პატიმრობით თავისი პოლიტიკური მომავალი. თვითონ დაასამარა, რადგან ციხეში ჯდომით პოლიტიკური მომავლები არ ქრება და მსოფლიოში შემიძლია უამრავი მაგალითი გითხრათ, რომ ციხიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები გაცილებით უფრო ეფექტურები და რეიტინგულები იყვნენ.
მარტივად რომ ვთქვათ, ვერ გაძლო ციხეში. ვერ გაუძლო ამ განსაცდელს, რომელიც არის საკმაოდ დიდი, მაგრამ პოლიტიკაში თუ ხარ და თან მით უმეტეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ხარ, ციხისთვის მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად. ოპოზიციონერები ისხდნენ ციხეში, მერაბიშვილი, ახალაია და მე მგონი მათი მხრიდან დეპრესიები და „ოღონდ გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ“ არ ყოფილა“,