თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! – დამოუკიდებელი მედია გაიფიცა, გათიშულია სატელევიზიო ეთერები.
დღეს, 14 იანვარს, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.