ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად – თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. პარტიის ინფორმაციით, იწყებენ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად, რათა ქიმიური იარაღის გამოყენებაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს.

“ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია! მსგავსი დანაშაული საქართველოს ისტორიაში გვახსოვს მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილს რუსების მხრიდან.

ჩვენ ვიწყებთ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობას ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალასთან და ექსპერტთა ჯგუფთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პასუხი აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ათი ათასობით მშვიდობიანი დემონასტრანტის წინააღდეგ ქიმიური იარაღის გამოყენაბაში, პასუხს აგებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმებით!

ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს ემატება ქიმიური იარაღის მჭიდროდ დასახლებულ ზონაში გამოყენება, სადაც არის სკოლა და ზიანი მიადგა არამხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ საფრთხე შეექმნა სკოლის მოსწავლეებს და იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

არცერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ!

არცერთი ფაქტი არ ჩაიფარცხება!

და არცერთი გადაწყვეტილების მიმღები არ დარჩება დაუსჯელი!” – ნათქვამია თავისუფლების მოედნის განცხადებაში.

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართულმა ოცნებამ, პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.