“თალაკვაძემ გამოსავალის მსგავსი რაღაც შემოგვთავაზა“–ელისაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

აშშ–ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და უმრავლესობის წარმომადგენელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ საარჩევნო საკითხთან მიმართებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ელჩების შუამავლობით შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება.

„იმის მოლოდინი, რომ დღეს შევთანხმდებოდით და ამით განიმუხტებოდა ვითარება, რა თქმა უნდა, არ გვქონია. დღეს, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით იყოს ის, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ელჩების შუამავლობით. ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები და რატომ გაყალბდა ტოტალურად. ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვთქვით ჩვენი ხედვით გამოსავალი. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავის არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა და გამოსავალის მსგავსი, გარკვეული რაღაც შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, წესი არ არის დახურულ კარს მირმა მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა, როცა შეხვედრა არ არის დასრულებული. პროცესი რომ დაიძრა და მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს ეს არის კარგი. ჩვენ, ჩვენი მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნების შესახებ ვუთხარით. პრინციპში, ჩვენი მოთხოვნა ერთსულოვანი იყო. დანარჩენი,მომდევნო რაუნდზე უფრო მკაფიო იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ხელისუფლების მხრიდან არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის მხრიდან კი  ყველა ის პარტია ესწრებოდა, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს.