გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს.
“პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ,
გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები”, – წერს თამაზაშვილი.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
გუშინ “შაბათის ფორმულამ” ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.
29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.