თანამშრომლების თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მათი საჯარო აქტიურობის გამო აუქმებენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, დირექტორმა დასაქმებულებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. ამის შესახებ, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე თანამშრომლებმა – სალომე ნატროშვილმა, ნინი ლეჟავამ და მარიამ ჩაჩუამ განაცხადეს. მათი თქმით, ეკატერინე ქარდავამ მიზეზად მათი საჯარო აქტიურობა დაასახელა.

“დღეს, 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.

ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და ხელმომწერი პირები მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას. ჩვენ აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს”, – თქვა ნინი ლეჟავამ.