“მთავარის” ინფორმაციით, ვატო ყიფიანი დაკავებულია. ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთისას დააპატიმრეს. ყიფიანი საქართველოში სავარაუდოდ კიევიდან ჩამოფრინდა.
სავარაუდოდ, საქმე ეხება ბათუმში ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობას. საუბარია ძმები – დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებაზე, რის ბრალდებითაც ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში საქართველოში 6, უკრაინაში კი – 1 პირი დააპატიმრეს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ფეიქრიშვილების აფეთქებას ავტომობილში გეგმავდნენ.
უკრაინიდან რეისი დღეს, დაახლოებით სამი საათისთვის ჩამოფრინდა. ერთ – ერთი ვერსიით, ყიფიანი იმ სანქცირებულთა სიაშია, რომლის ფიგურანტებზეც უკრაინაში ძებნა დაიწყო. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ მიღებული კანონის შემდეგ, ყველა ვისაც კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსი აქვს, უკრაინაში იდევნება.