თბილისის მერობის საერთო კანდიდატად გთავაზობთ ჩემ კანდიდატურას – დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე საზოგადოებას განსახილველად სთავაზობს თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ კანდიდატურას.

“მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს.

15 წელი საჯარო სივრცეში ვდგავარ ჩვენი ხალხის გვერდით და ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ, პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ეს დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობითვის ჩემმა ბრძოლამაც. ამომრჩეველის 18 პროცენტმა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანიბის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა”,- წერს დოლიძე.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ისეთ მერებს ირჩევდნენ, როგორსაც “გავლენიანი ჯგუფები” სთავაზობდნენ, ხოლო თბილისს სჭირდება მერი “ხალხისთვის”.

“თბილისელები ვწუხვართ ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქზე, “საცობებზე”, არამიზნობრივად გაფლანგულ ბიუჯეტზე, ანუ ჩვენ ფულზე, 21- საუკუნეში კანალიზაციის, ტროტუარების, გზების, მწვანე სივრცეების თუ სხვა პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის არ არარსებობაზე.

წუწუნი გასაგებია, მაგრამ ამდენი უკმაყოფილების და ხელის ჩაქნევის დრო არ არის. პასუხი ერთია – თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ხალხს. თბილისს სჭირდება – მერი ხალხისთვის”,- აცხადებს ანა დოლიძე.