თბილისში აცრას ავტობუსში შეძლებთ – ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იხსნება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, დღეიდან 3 ასეთი ავტობუსი იქნება ერთი სადგურის მოედანზე იდგება, 2 კი გლდანსა და ვარკეთილში იმოძრავებს. ავტობუსები 2-საათიანი შუალედით გადაადგილდება.
“დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი. პროექტი გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ესეც გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა, ევროპაში არის ძალიან მრავალი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა.
ჯამში, დაგეგმილი არის 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში ან პოლიკლინიკაში. აქ იქნება რეგისტრაცია, რომელიც ონლაინ აისახება პორტალზე, მოქალაქე აირჩევს კუთვნილ ვაქცინას, საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზე გაეწევა დახმარება”,-თქვა ტიკარაძემ.