თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილისში “თბილისერვის ჯგუფის” დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, გაიზარდა მათი სამუშაო დრო, თუმცა ხელფასი უცვლელი დარჩა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ.

ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, მათთვის ხელფასის მომატებაზე უარი განაცხადა კახი კალაძემ, რადგან, მათი ინფორმაციით, თბილისის მერი მათი მუშაობით უკმაყოფილოა.

“მოვიდეს ბატონი კალაძე, გამოგვყვეს და ნახოს, დანგრეულ ბუნკერებს, ზოგს საბურავი რომ არ აქვს და მანქანამდე ხელით რომ ვახოხებ, 40 გრადუსს სიცხეში, ვინ იქნება კმაყოფილი და ვინ არა.

იმდენი უფროსი გვყავს, ვერ დაითვლი. “პაკრიშკის” უფროსი, ბოლტის უფროსი, იმის უფროსი, ამის უფროსი, უფროსს მოადგილე ჰყავს, იმას კიდევ მოადგილე ჰყავს…”,– ამბობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ტვ პირველთან საუბრისას.

“თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მათ სამუშაო საათები არ მომატებიათ, შესაბამისად, ხელფასიც არ გაეზრდებათ.