ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში რამდენიმე ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარეს.
როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები გამოიყენეს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების მოძიება-ამოღების მიზნით, 2020 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება. საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.