ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, აცხადებს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებისთვის შექმნილი ვებგვერდიდან ყველა ინფორმაცია წაშალა. ამის შესახებ თოლორაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები. მისი თქმით, ვებგვერდი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი.
”სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან -https://sis.gov.ge/ka/ (რომელიც იყო შექმნილი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის) წაშალა ყველა ინფორმაცია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშიები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, შეხვედრები (მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრები). გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა))).
ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა))))) მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შექმნა და არა 2022 წელს (როგორც ესა წარმოჩენილია ამ ვებგვერდზე).
ამ ინფორმაციის წაშლით, ამ ქვეყნის ისტორიაში სამსახურის გაუქმების ეს სამარცხვინო ფაქტი მაინც არ წაიშლება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ მეტად ღირსეულად დაგეწყოთ ამ უწყების გადაბარებაც და მართვაც. გულწრფელად ვწუხვარ იმ კომპლექსების გამო, რომელსაც შეუპყრიხართ:((( – სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service
აღნიშნულის შესახებ აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ვებგვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე.
მე ვუხდი ბოდიშს სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელს ამის გამო” – აცხადებს თოლორაია.