თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება – ხუნდაძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება იქნება ტესტი, როგორ გაითავისა საზოგადოებამ პანდემიის მართვისა და ჯანმრთელობის დაცვის უნარები.

მისივე განცხადებით, დღეს მეტი ინფორმაცია არსებობს ვირუსის შესახებ, თუმცა მუტირებული შტამები დამატებით რისკებს მაინც ქმნის.

ხუნდაძე აღნიშნავს, რომ თუ ადამიანები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება.

“საბედნიეროდ უკვე შექმნილია ვაქცინა. მართალია, მისი ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რადგან მიწოდება მკვეთრად ჩამორჩება მოთხოვნას, მაგრამ პროცესი თანდათან ძალას იკრებს, რაც იმედის მომცემია.

COVID 19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის ბიზნესი, რასაც დროული რეანიმაცია სჭირდება, ეს კი თითოეული ჩვენგანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული. თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება. პირბადის მოხმარება, ჰიგიენური წესების დაცვა, ფიზიკური დისტანცია, ვაქცინაციასთან ერთად, პანდემიასთან ბრძოლის უცვლელ იარაღად რჩება”,- თქვა ხუნდაძემ.