თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. ტომას ილვესი ამბობს, რომ იგზავნებება სიგნალი, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტია არ ენდობა ევროკავშირს.
“მე დეტალები არ ვიცი და ამიტომ ვერ ვიგებ ქართულ პოლიტიკას. ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება არ მოაწეროს ხელი პარტიამ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეთანხმებას. ჩემს წარმოდგენაში, ამით იგზავნება სიგნალი, რომ ჩვენ, წამყვანი ოპოზიციური პარტია, არ ვენდობით ევროკავშირს. ეს წესით არ უნდა იყოს სიგნალი, რომლის გაგზავნაც უნდა გსურდეთ”, – ამბობს ის.
რაც შეეხება კითხვას, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წაწიოს და არა უკან? ილვესის თქმით, „თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის“.
„ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს შიდა ბრძოლები სწორედ დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით და ევროკავშირს არანაირად არ სურს ამ მიმართულებით დამატებითი თავისტკივილი გაიჩინოს. რატომ უნდა გეშინოდეთ დამოუკიდებელი სასამართლოსი? მითუმეტეს მაშინ, როცა ეს იმ ლიგაში მოგაქცევთ, სადაც რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები არიან? დამოუკიდებელი სასამართლოს შიში არანაირი საღი აზრის ქვეშ არ ექცევა – არანაირი. იმიტომ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება – დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კანონზე დაყრდნობით და არა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის მთავრობაში. მე საქართველოს მხარდამჭერი ვარდების რევოლუციამდე ვიყავი. პირველად საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ჩავედი.
სხვანაირად გაჩვენებთ ამ საკითხს. ესტონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი დამოუკიდებლობიდან 13 წელში გახდა. ეს შეადარეთ 30 წელს, რომელიც საქართველომ გაიარა. ევროკავშირის და ნატოს წევრობა, ეგრეთწოდებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის მიუწვდომელი იდეა არ არის. მაგრამ ამისთვის ძალისხმევის გაწევაა საჭირო. ეს იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ სადღაც ვიღაცამ თქვას, აი, დემოკრატია გვაქვს. არა. ამისთვის კონკრეტული, პრაქტიკული მიზეზები არსებობს”, – აცხადებს ილვესი და დასძენს:
„მაგალითად ნატო რომ ავიღოთ, ალიანსის ნებისმიერი წევრი ქვეყნის პრემიერმა თუ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ საკუთარი მოქალაქეები ომში გააგზავნოს თქვენი ქვეყნის დასაცავად. არცერთი ქვეყნის მთავრობის მეთაური არ მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეები არადემოკრატიული ქვეყნის დასაცავად გააგზავნოს. ევროკავშირს რომ შეხედოთ, არადემოკრატიულ ქვეყნებში გაფართოება არც ევროკავშირს სურს. ევროკავშირი საგარეო დახმარებას ყველას აძლევს – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის და ყირიმის გარდა. ეს დახმარება შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ თუ ჩვენთან დაახლოება გსურთ, მაშინ დემოკრატია უნდა იყოთ. ეს კი ნიშნავს კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს, ადამიანის უფლებების პატივისცემას. თუ ამ საბაზისო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებთ, მაშინ დამთავრდა ამბავი”. – ამბობს ილვესი.