ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის კამერების წინაშე აიცრას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ მისთვის აცრა სასარგებლოა. ის თვლის, რომ ვაქცინაცია არ სჭირდება, თუმცა ხალხის გასამხნევებლად მზად არის, რომ ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს.
„მე მივმართე ტელევიზიით, პირადადაც ვესაუბრე ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, აღარ დავაზუსტებ, რა და როგორ. მინდა ყველას ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, თუ შეიძლება ყოველგვარი შელამაზების, გადასხვაფერების გარეშე, ზუსტად აგვიხსნათ რა ვაქცინებზეა საუბარი, შემადგენლობა, მოქმედება, რომელი ქვეყნები იყენებენ, სად, რა შედეგებია. რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება. ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა. მე ექიმებსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ, თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა. მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი გავამხნევო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.