“თუ კანდიდატი თვითონ იყო ჩარეული ამ ძალადობაში, მაშინ უნდა მოხსნას კანდიდატურა”- – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო დმანისში მომხდარ ინციდენტს.
„ძალადობას არ აქვს პარტიული და პოლიტიკური კუთვნილება და ნებისმიერ შემთხვევაში, მოძალადემ პასუხი უნდა აგოს გარდაუვლად კანონის წინაშე, რაც მოხდა კიდეც, რამდენადაც მე ვიცი, დააკავეს ადამიანი, ვინც დაზიანება მიაყენა სხვებს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა უკვე გამოიჩინა ქვეყნის სამართალდამცავმა სისტემამ სწრაფი რეაგირებით. მე არ მგონია, აქ პოლიტიკური ჩანართი იყოს დიდი დოზით. ეს არის ძალადობა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა აქ წაქეზება პოლიტიკური ნიშნით, ვფიქრობ, სულ მალე, რამდენიმე დღეში უტყუარად გვეცოდინება. თუკი დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი უშუალოდ მონაწილეობდა და ეს მისი ინიციატივით იყო, რა თქმა უნდა, უნდა მოხსნას კანდიდატურა. “ქართული ოცნების” იმიჯზე ამის ასახვა გამოიხატება საარჩევნო ხმების მიღებაში. რაც შეეხება იმას, რომ კანდიდატის შვილმა მიიღო ამაში მონაწილეობა, არ მინდა გაცვეთილი ტერმინი გამოვიყენო, კი, როგორ არა, ოჯახის წევრები ერთმანეთზე პასუხს აგებენ, მაგრამ არა პოლიტიკურად. ამიტომ თუ კანდიდატი თვითონ იყო ჩართული, ჩარეული ამ ძალადობაში, მაშინ მან უნდა მოხსნას კანდიდატურა, თუკი მისი შვილი იყო, ეს უფრო მორალური პასუხისმგებლობის საკითხია,”- განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ დმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.