თუ კრემლის მიზანია, იყოს ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, ის მიიღებს მეტ ნატოს – ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
“რუსეთმა მოახდინა ჯარების მობილიზება უკრაინის გარშემო და ეს არის ყველაზე დიდი მობილიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. ბოლო დღეებში მიუხედავად მოსკოვის განცხადებისა, ვერ ვხედავთ ამ ჯარების შემცირების ნიშნებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს მშვიდობა. ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეიცვალოს აგრესიული რიტორიკა დიპლომატიური ძალისხმევით და დაიწყოს დიალოგი. რუსეთს სურს, წაართვას სუვერენულ ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. ეს არის მოსკოვის მცდელობა, რომ საკუთარი ნება და ავტორიტარული მმართველობა მოახვიოს თავს სხვა ქვეყნებს. ამიტომ ევროპა და ამერიკა ერთად იდგებიან, რათა დაიცვან მშვიდობა და ჩვენი ცხოვრების დემოკრატიული წესი, როგორც ამას 70 წელზე მეტია ვაკეთებთ. თუ კრემლის მიზანია რომ იყოს ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, ის მიიღებს მეტ ნატოს და თუ ის შეეცდება დაყოს და დააქუცმაცოს ნატო, ის მიიღებს უფრო ერთიან და ძლიერ ალიანსს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.