“თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში, რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება”-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ”ქართული ოცნება” მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს, თუ ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება. ასევე მან განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
“არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ, დაემატა რამდენიმე საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხზე. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს ჩვენი პოზიციაა, რომელზეც მყარად ვდგავართ და მომავალშიც ასე იქნება, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა თუ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას იპოვიან ოცნების სასარგებლოდ”, – განაცხადა მდინარაძემ.