“თუ პარლამენტში შევედით, არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ქუჩის აქციებზე”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„გაცილებით გაგვიჭირდება ამ საპროტესტო მუხტის მობილიზება, თუ ჩვენ არ ვიქნებით პარლამენტში. დღეს ეს მოცემულობა დადგა და ამ მოცემულობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენ ჩათრეული ვართ პოლიტიკური კრიზისის პროცესში და დროზე უნდა დასრულდეს, რომ რეალურად დავიწყოთ ხალხის პრობლემებზე მუშაობა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისკენ წავა. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ არის, ვერავინ იტყვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი დეპუტაცია მუდმივად იყო პარლამენტში წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პარალელურ რეჟიმში ქუჩის აქციები არ იმართებოდა. ცოტა არის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქცია გამართო? რა ხდება ქვეყანაში? რა ეკონომიკური პირობებია, გაღატაკებული მოსახლეობაა. პარლამენტში ჩვენ შევდივართ იმისთვის, რომ ეს პრობლემები წინა პლანზე დავაყენოთ. ოპოზიცია ამ პრობლემებს ვერ აგვარებს, ამას აგვარებს ხელისუფლება. ჩვენ ბუნებრივია ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ქუჩის ოპოზიცია. ვიდრე ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, ეს ორივე სეგმენტი უნდა იყოს ძალიან აქტიურად გამოყენებული. ვერც მარტო საპარლამენტო მუშაობა და ვერც მარტო ქუჩის პროტესტი ვერ მოაგვარებს ამ ვითარებას, ვფიქრობ, ორივე ერთად უნდა იყოს წამოდგენილი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.