ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცის ეხმიანება და ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ამ თანამდებობას დაიკავებს, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს.
„თუ მართლა დაინიშნა სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი“, – თქვა „იმედის“ ეთერში რატი იონათამიშვილმა.
გუშინ, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო, რაც მისთვის დიდი პატივია და თანახმაა.
,,პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.