თუ ტყვეების ვიდეო ავთენტურია, ეს რუსებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს – ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს რუს ჯარისკაცებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს.

„თუ დადასტურდება, ის რუს ჯარისკაცებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს, რაც ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ჩანაწერის ავთენტურობა არ დადგენილა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, მისი თქმით, არსებობს მრავალი სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, რომელიც დასაგმობია და რომლის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული.