თუ უკრაინა ამბობს, რომ ტანკები სჭირდება, უნდა მივაწოდოთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ყველა საჭირო იარაღი უნდა მიეწოდოს. ამის შესახებ მან BILD TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ისინი ამბობენ, რომ სჭირდებათ საბრძოლო ტანკები, მაშინ ჩვენ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ და მივაწოდოთ. უკრაინამ ზუსტად იცის, რა სჭირდება ადამიანების სიცოცხლისა და თავის დასაცავად. მომხრე ვარ, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა მიაწოდონ ის, რაც რეალურად სჭირდება უკრაინას. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ დაიცვან თავი, თუ ექნებათ შესაბამისი სამხედრო საშუალებები“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინელები მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვიან და დემოკრატიის გამარჯვება აუცილებელია.

„ისინი ჩვენთვის, ყველასთვის იბრძვიან. დემოკრატიის გამარჯვება აუცილებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მიიღოს ყველა საჭირო იარაღი.[…] მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინმა უნდა წააგოს, რადგან უკრაინას უზარმაზარი მოტივაცია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა წააგოს ეს ომი, პასუხი აგოს თავისი ქმედებებისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.