თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში არაფერს იტყვის 6 პუნქტზე, საქართველოს ვკარგავთ – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

“დროა, რომ ვაშინგტონი საქართველოში დაბრუნდეს და სულ მცირე, მხარი დაუჭიროს ჩვენი ევროპელი ლიდერების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას, რადგან სამწუხაროდ, მთავრობა რეალურად არ ეთანხმება ამ პუნქტებს. ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადებები. და თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ყველა მხარე მაგიდას მოუსხდეს, დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს, იყოს ძლიერი, თუნდაც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩამოვიდეს ან დაურეკოს ბალტიელ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ შუამავლობა, რადგან ჩვენ ორი კვირა დაგვრჩა”,– ამბობს პავილიონისი ონლაინკონფერენციაზე.

მისივე თქმით, თუ ბრიუსელში ჩასული ღარიბაშვილი შეთანხმებაზე ვერაფერს იტყვის, ესეიგი, დასავლეთი საქართველოს კარგავს.

“საქართველოს პრემიერმინისტრი უნდა ჩამოვიდეს 14 და 15 მარტს ასოციაციის საბჭოზე ბრიუსელში და თუ ის არაფერს იტყვის, არ დაეთანხმება იმ პუნქტებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დასვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს დაკარგვას ვიწყებთ და არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ასე რომ, დროა ამერიკელებმა შემოაბიჯონ, დაეხმარონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ჩვენ, რათა შეჩერდეს თავისუფლებაზე ეს შეტევა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზეც ნათლად გაუსვა ხაზი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება”,– თქვა ზიგიმანტას პავილიონისმა.