თუ ცუდად წავა საქმე არ გამოვრიცხავ, რომ მესამედაც მოვიდეს – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “პრაიმტაიმთან” ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლის შესახებ.
“სამწუხაროდ, ბოლო 8 წელი ქართული პოლიტიკა „მივდივარ-მოვდივარი“-ს ნიშნით წარიმართა. ივანიშვილი ერთხელ უკვე წავიდა და მაშინაც ასე თქვა, რომ აღარ ვჭირდები გუნდს და ყველაფერი შევასრულე, მაშინაც თქვა, რომ სააკაშვილი ჩამოაშორა ხელისფულებას და მაშინაც წავიდა კერძო სექტორში, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ წასულა, ასე რომ გარანტია იმის, რომ ნამდვილად მიდის არ არსებობს. კი ბატონო, შეიძლება, მას მართლა უნდა წასვლა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მას აქვს გარკვეული ვალდებულებები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ასე რომ, მარტივი არაა პოლიტიკიდან წასვლა, როცა მმართველი პარტიის ლიდერი ხარ, ძალიან რთულია. რთული იმიტომ, რომ რამდენად დაიჯერებს ამას ნეიტრალური ამომრჩეველი, რომ წავიდა და აღარ ჩაერევა პარტიის საქმიანობაში. საგულისხმოა, ისიც, ვინ იქნება პარტიის მომავალი თავმჯდომარე?!
ამბობს, რომ სააკაშვილი ჩამოაშორა პოლიტიკას. სხვა რა შეიცვალა მე არ ვიცი. სისტემა დარჩა იგივე, დემოკრატიული ინსტიტუტები ისევ არ მუშაობს. კი, დღეს შესაძლოა ტელევიზიების დახურვა ისეთი ტემპით არ ვითარდება და ადამიანებს სატელეფონო საუბრის არ ეშინიათ, როგორც სააკაშვილის დროს იყო, მაგრამ ეს რეალურად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატს ვერ ცვლის.მე არ ვარ იმის მომხრე, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, მაგრამ ის რომ არჩევნები ვერ ჩატარდა ქვეყანაში, რა დონეზეც საჭიროა, თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ეს ფაქტია…თუ ცუდად წავა საქმე არ გამოვრიცხავ, რომ მესამედაც მოვიდეს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “პრაიმტაიმთან”.