თურმე რაც წავიდნენ, სუს-ს აქვს რესურსი, ათასობით ფაილი შექმნას – წულუკიანი გახარიაზე

“თურმე რაც წავიდნენ, სუს-ს აქვს რესურსი, ათასობით ფაილი შექმნას”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სუს-ის ფაილებზე საუბრისას განაცხადა და ასევე გიორგი გახარიას თანაპარტიელ კახა ქემოკლიძის განცხადებას გამოეხმაურა. ქემოკლიძემ თქვა, რომ მსგავსი ტიპის ფაილებთან შეხება არ ჰქონია.

“მან თქვა, რომ გასაოცარი დანაშაულია ჩადენილიო და პოლიტიკურმა ხელისუფლებმა და რომელიღაცა პირებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მე მინდა გკითხოთ, როდესაც ხარ ხელისუფლებაში შენ თვითონ მრავალი თვე და მრავალი წელი, მსახურობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როდესაც შენი თანაგუნდელი არის სუს-ის უფროსის მოადგილე და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც იმ დროს ყველას თქვენი ხელმძღვანელია ბატონი გახარია და ჩემიც მათ შორის და მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს.

დღეს გამოდის ვინმე ქემოკლიძე და იძახის, რომ თურმე ჩვენ ახლა, როდესაც ისინი წავიდნენ, მიგვატოვეს და დაგვტოვეს, მელია გახადეს ხატი თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების კასკადი აჩვენეს, მას მერე თურმე სუს-ს აქვს იმის რესურსი, თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, რომ შექმნას ათეულ ათასობით ფაილი. ეს არის გაუგონარი ზღაპარი. ამიტომ მე მეტ მინიშნებას არ ვაკეთებ. ნაციონალურ მოძრაობაზე ვაკეთებ აქცენტს და ვსვამ ლეგიტიმურ კითხვებს. მე არავის ვადანაშაულე”, – თქვა წულუკიანმა.