თურქმენეთის პრეზიდენტმა ძალაუფლება საკუთარ შვილს გადასცა

თურქმენეთის ავტოკრატი მმართველის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟმა, ამ სერდარ ბერდიმუჰამედოვმა თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვა. არჩევნების შედეგი ბევრისთვის უბრალო ფორმალობა იყო, რომლითაც ოჯახის შიგნით პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა გაფორმდა.

15 მარტს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ოფიციალური შედეგებით, ბერდიმუჰამედოვმა ხმების 72.97 პროცენტი მიიღო და იოლად დაამარცხა სხვა რვა კანდიდატი. ყველა მათგანი ცნობილია, როგორც პრეზიდენტის ერთგული პირი და ნამდვილ კონკურენტად არცერთი არ მიიჩნეოდა.

12 მარტს გამართული არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც 64 წლის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 11 თებერვალს პარლამენტის ზედა პალატას უთხრა, რომ გადადგომას და ხელისუფლების „ახალგაზრდა ლიდერებისთვის“ გადაბარებას აპირებდა.

დამკვირვებელთა უმრავლესობამ ეს დაინახა როგორც იმის ნიშანი, რომ ის ემზადებოდა პრეზიდენტის თანამდებობა გადაეცა თავის ვაჟისთვის, რომელსაც სექტემბერში 40 წელი შეუსრულდა, რაც კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად მინიმალური ასაკია.

დასავლელი დამკვირვებლების თანახმად, 1991 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო, თურქმენეთში თვისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა.

არჩევნების წინ კანდიდატებს შორის დებატები არ ყოფილა და უმცროსი ბერდიმუჰამედოვი ქვეყანაში „ამომრჩევლებთან“ შეხვედრებით შემოიფარგლა. მკაცრი სცენარით გამართული შეხვედრების დროს, სერდარმა პირობა დადო, რომ თურქმენეთის ნეიტრალურ პოლიტიკას გააგრძელებდა და „ქვეყნის აყვავებულ სახელმწიფოდ გადაქცევის პოლიტიკას აწარმოებს.“

სერდარ ბერდიმუჰამედოვს მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე სწრაფი კარიერული ზრდა ჰქონდა. 2021 წელს მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აჰალის პროვინციის გუბერნატორი და მრეწველობის მინისტრი.