თქვენ ახლა ჩვენთვისაც იბრძვით – სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს მიმართავს

“თქვენ იბრძვით საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ასევე იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისთვის.”- მიმართა უკრაინელ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის 1 თვისთავთან დაკავშირებით.

”ქართველი ხალხის სახელით მსურს, მივმართო ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომლებიც ახლა იბრძვიან, წინააღმდეგობას უწევენ რუსებს და იცავენ თავიანთ ქალაქებს. მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომელთაც უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს ქვეყნის დასახმარებლად. აგრეთვე, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, მათ შორის საქართველოშიც.

მინდა გითხრათ, ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად იბრძვით ბოლო 29 დღის განმავლობაში. ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც თქვენ რუსეთთან უკვე მოიპოვეთ. თქვენ გვაჩვენეთ, რომ როგორც ბევრი ფიქრობდა, სუპერძალები სულაც არ არის საკმარისი უკრაინელების დასამარცხებლად და მითუმეტეს უმოკლეს დროში, როგორც ეს რუსებს წარმოედგინათ.

მთელი გულით მინდა გისურვოთ გამარჯვება და წარმატებები. თქვენ იბრძვით საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ასევე იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისთვის. დიდი მადლობა და დიდება უკრაინას.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.