ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ფეისბუქზე წერს იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც ბოლო დღეებში დავით ბაქრაძის განცხადებებს მოყვა. დავით ბაქრაძემ რუსთავი2–ის ეთერში განაცხადა, რომ “სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან კოალიციურ მინისტრთა კაბინეტში“. ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი თქმით, ასეთი განცხადებები ხელს შეუშლის ევროპული საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ხმების გარეშე ვერ გაიმარჯვებენ. ამ დისკუსიას გიგი უგულავა დღეს ფეისბუქზე გამოეხმაურა:
“სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია ენმ-დან ჩვენი კოლეგების აღშფოთება. დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მ. სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, “ერთპარტიულ გამარჯვებაზე” (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აიღჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა. ჩვენი, ევროპულ საქართველოს, და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა რომ განგიმარტოთ- ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არცერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ-ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია. დიახ მეგობრებო, ნებისმიერი მცდელობა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ, ჩვენგან, ევროპული საქართველოსგან, მოყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს. ცხადია, ენმ-ს გარეშე კოალიცია ვერ შედგება, ისევე როგორც კოალიციურ პროპორციებს ამომრჩეველი გადაწყვეტს. ამიტომ დავადასტუროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მკაფიო განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის.
ენმ-ს მხარდაჭერა ნიშნავს მ.სააკაშვილის მესამე ვადას.
ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს ევროპულ კოალიციის პირველ ვადას.
ნიშნავს არსებით სიახლეს, 30-წლიანი მოჯადოვებული წრის გარღვევას, სამთავრობო ბატონ-ყმობის ერთხელ და სამუდამოდ გადაგდებას. მე მგონი საკმარისზე მეტი მიზეზია რატომ არ ვიღებთ თქვენს წინადადებას. მოდით ნუ ვიქნებით კომიკურები, სასაცილოა არდაჭერილი დათვის გატყავება. ჯერ საქართველო, ჯერ გამარჯვება და შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ნამდვილად არ ვისურვებდი რომ ენმ არჩევნების მეორე დღეს საკუთარი შეცდომის მძევალი აღმოჩნდეს. მანამდე ვაჩვენოთ ამომრჩეველს მაგალითი, რომ შეგვიძლია შეთანხმება მართმსაჯულების საკითხებზე, რომ ნაფიცი მსაჯულების სრულფასოვანი დამკვიდრება მოხდეს, გადასახადების შემცირებაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების/ საძოვრების/ ქონების ხალხისთვის გადაცემის სწორ და სამართლიან ფორმებზე. ვიმსჯელოთ კოალიცია რას გააკეთებს პირველ ას დღეში. მოდით თქვენი წინადადებებით, ჩვენ ჩვენით, სხვებსაც თავისი ექნებათ. ასე დისკუსიით დგება ერთობა, კოალიცია, რაც მოიტანს წარმატებას, განვითარებას თავისუფლებას.
პ.ს. სრულიად გაუგონარია საკითხის ასე დაყენება-თქვენს მაჟორიტარებს ჩვენი ხმები არ უნდათ?! უნდათ მხარდაჭერა ივანიშვილის მანქურთების წინააღმდეგ, ისევე როგორც თქვენ გჭირდეგათ ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთანავე, არცერთ მაჟორიტარულ შეთანხმებაში ეს [პრემიერობის] საკითხი არც კი დასმულა, არათუ განხილულა. ერთიანი მაჟორიტარები ივანიშვილზე გამარჯვებისთვისაა საჭირო რაც ჩვენი საერთო ამოცანაა. ამ თემას თავიდან აღარ გავხსნი. და უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს წარმატებას ვუსურვებ“– წერს გიგი უგულავა.