მოსამართლე რომან ხორავამ “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფებზე მოძალადეებს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ ქმედებები, რასაც ედავებიან, “სიბნელე” და “სირცხვილია”.
„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, – განაცხადა ხორავამ სასამართლო პროცესზე.
“ტვ პირველისა” და „მთავარი არხის“ ოპერატორებისა და ჟურნალისტების მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს – აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.