მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში აპირებდნენ ექსპრეზიდენტისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტის დოზის 10-ჯერ გაზრდას.
“ეს მედიკამენტი დაინიშნა რუსთავის კლინიკაში. ეს იყო საძილე საშუალება. ამ წამლის მიღება შევწყვიტეთ პარასკევს, პირველი სასამართლოს წინ. ჩემი თვალით ვნახე ისტორია, რომ დოზების გაზრდა იგეგმებოდა. დაახლოებით ათჯერ მეტი დოზა ინიშნებოდა. ეს ითვლება საშუალოზე მეტ დოზად და გამოიწვევდა უფრო მეტ სისუსტეს და უფრო მძიმე მდგომარეობას.
თუკი ის ამ გაზრდილ დოზებს მიიღებდა, ის ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე. ეს დოზები დაინიშნა გორის ჰოსპიტალში, ფსიქიატრის მიერ. არ ვიცი, ვინ იყო ის“,- ამბობს ყიფშიძე გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ის კვლავ რუსთავის ციხეში გადაიყვანონ.
„ეს შეუძლებელია. არცერთი ექიმი ხელს არ მოაწერს მის რუსთავის ციხეში ეტაპირებას. მე ასეთ ექიმს არ ვიცნობ, არც საქართველოში და არც მთელ მსოფლიოში“,- აღნიშნავს ყიფშიძე.