ბიძინა ივანიშვილი საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს.
“დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ქართუ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე ქართუს დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება”, — განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით პროექტის დეტალური პრეზენტაცია ხვალ გაიმართება და ცნობილი გახდება მშენებლობის დაწყების თარიღი. კალაძე ამბობს, რომ პარკი იქცევა თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად, ასევე, იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს.
ივნისში იპოდრომის ტერიტორიის მფლობელმა, შპს “ინვესტ კაპიტალმა” , რომლის 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია” ის 60 მილიონ ლარად გაყიდა და ივანიშვილის ფონდ “ქართუს“ მიყიდა. პანამაში რეგისტრირებული კომპანიაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ტრანზაქცია 19 ივნისს შესრულდა.ქალაქის ცენტრში მდებარე 40 ჰექტარი ფართობი 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაა. თუმცა დღემდე მილიარდერს არაფერი უთქვამს, რას უპირებს ტერიტორიას. ყოფილი იპოდრომის გარშემო აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, თუმცა მოსახლეობა იპოდრომის ტერიტორიას დღემდე სარეკრიაციო ზონად იყენებს. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა იდეა, იპოდრომის ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური პარკი გაშენებულიყო. ამ მოთხოვნით მოსახლეობამ პეტიციაც შექმნა და ივანიშვილს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა. თუმცა ამ ინიციატივას გაგრძელება აღარ მოყოლია. ზაფხულში ტრანზაქციის განხორციელებისთანავე გამოითქვა ვარაუდები, რომ ივანიშვილი იპოდრომს თბილისს არჩევნების წინ აჩუქებდა.