ივანიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და შვეიცარიულ სასამართლოს აკრიტიკებს

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სპიკერი Credit Suisse-ის წინააღმდეგ არსებულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კომპანიას პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში შვეიცარიის პროკურორმაც კი დაადასტურა სასამართლოს გადაწყვეტილება და საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ Credit Suisse ვალდებულია დაუბრუნოს დაზარალებულ კლიენტს გაყალბებით მიღებული სახსრები, თუმცა ბანკმა გამოიყენა სასამართლო, რათა თავიდან აიცილოს გადახდა”,– აცხადებს სპიკერი.

მისივე ცნობით, Credit Suisse, როგორც ჩანს, დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აიღო ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება, მაგრამ დაამატა შემდეგი პირობა: “როდესაც ბანკი დაიბრუნებს ამ ფულს მესამე პირებისგან”.

“ამ რამდენიმე სიტყვამ თავდაყირა დააყენა მთელი საბანკო პრაქტიკა, კანონი და სასამართლოს მიერ ნახსენები ზემოაღნიშნული პრინციპი”,– აფასებს სპიკერი.

“ნებისმიერი სასამართლო, თუნდაც განვითარებადი სახელმწიფოს სასამართლო, მკაფიოდ აცხადებს, რომ ბანკის უმთავრესი ვალდებულების შესრულება (უშუალოდ ბანკიდან მოპარული თანხის დაზარალებული კლიენტისთვის დაბრუნება) არ იქნება დამოკიდებული რაიმე პირობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისივე ცნობით, სასამართლომ ნება დართო Credit Suisse-ს, არ დაუბრუნოს კლიენტს მოპარული ფული, თუ მესამე პირისგან მისი ამოღება ვერ მოხერხდა.

“შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა არა ბანკის, არამედ, ფაქტობრივად, მესამე პირების პასუხისმგებლობა და ბანკი აქცია სახსრების “გამტარად”. ამრიგად, წამყვან შვეიცარიულ ბანკში დეპონირებული და ანგარიშებიდან არალეგალური ქმედებების შედეგად ამოღებული თანხების დაბრუნება, პირდაპირ და ცალსახად არ განისაზღვრა, როგორც Credit Suisse-ის პასუხისმგებლობა”, – ვკითხულობთ ტექსტში.

CS Victim-ის განცხადებით, Credit Suisse-მა გამოიყენა აღნიშნული და კლიენტს 2019 წლის აპრილში გადაუხადა მხოლოდ ის თანხა, რომელიც წარმატებით მიიღო მესამე პირისაგან.

ივანიშვილის სპიკერის თქმით, ბანკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუციამ, კლიენტის წინაშე საკუთარი ვალდებულებები უნდა აიღოს.

Credit Suisse-ს სასამართლომ უნდა აიძულოს მოპარული თანხების გადახდა, მესამე პირების მიერ ანაზღაურების მიუხედავად. მისთვისაც, ვისაც ფინანსების სამართლის ელემენტარული ცოდნა გააჩნია, სავსებით ცხადია, რომ ბანკის მიერ კლიენტისთვის ვალის გადახდაზე პასუხისმგებელი Credit Suisse-ი არის. გადასახადი არ უნდა იყოს დამოკიდებული დამნაშავე თანამშრომლებზე, მათ უფროსებზე ან მართლაც მისტიკურ მესამე პირებზე, ბანმკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუციამ და კლიენტის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველმყოფმა, უნდა აიღოს საკუთარი ვალდებულებები. ეს ზოგადი პრინციპი განვითარებად ქვეყნებშიც კი დაცულია და განაჩენის ფორმულირებამ, პრაქტიკულად, უკანონობა გაამართლა”. – აღნიშნა ივანიშვილის წარმომადგენელმა.

ამას გარდა, როგორც ივანიშვილის სპიკერმა დაამატა, ივანიშვილმა იცის, რომ მას შეუძლია სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვოს, თუმცა ის მზადაა დაელოდოს, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს Credit Suisse-ი მსგავს ქმედებას.