მოძრაობა სირცხვილიას დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან “წასვლას“ ინსცენირებას უწოდებს. მისი აზრით ივანიშვილს ურჩევნია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წავიდეს და ოცნების მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობა აირიდოს:
“ივანიშვილს დასჭირდა წასვლის ინსცენირება, რადგან თუ მომდევნო არჩევნებამდე მივა საქმე – თუმცა ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ამაში ეჭვი მეპარება – მისთვის ცხადია, რომ ოცნება ვერ მოიგებს.
ოცნებამ ამ არჩევნებშიც მაჟორიტარების ხარჯზე ამოქაჩა, ისიც ისე, რომ გაყალბებული შედეგების მიხედვითაც ოპოზიციაზე ნაკლები ხმა მიიღო. ბუნებრივია სრულად პროპორციული იგივე ხარისხის გაყალბებითაც არ უტოვებს შანსს და ურჩევნია, ნაფინაჩარი “გამარჯვებით” წავიდეს.
ამგვარად იგი აპირებს, ოცნების დამარცხებაზეც აირიდოს პასუხისმგებლობა და იმ მემკვიდრეობაზეც, რასაც 8-წლიანი ერთპიროვნული მმართველობის შემდეგ გვიტოვებს – ჩამოშლილი ინსტიტუტები, პოლიტპატიმრები, კლანური სასამართლო, კოლოსალური ვალი, სიღარიბე, უმუშევრობა და საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსნა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
ნებისმიერ შემთხვევაში მას მოუწევს პირადად პასუხისგება, პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების გამო, რომლებიც ქართული ოცნების “გუნდთან” ერთად მოირღვევა, რაც არ უნდა მკაფიო “ანდერძი” დაუტოვოს სასამართლოს, თანაც თავისით, ისე, რომ საზმაუს “ჟურნალისტს”, რომლის თვალთა ციცინში 70 მილიონს ვიხდით, კითხვაც არ დაუსვამს.“– წერს შოთა დიღმელაშვილი ფეისბუქზე.