ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით ყველა შტოს აკონტროლებდა და ამიტომ არც ერთი არ სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ფოთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ის, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი, ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა სწორედ ამ გარდამტეხი ცვლილებების განხორციელება და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე ჩვენი გეზის, ხედვის მიტანაა, თუ როგორ განვახორციელებთ ცვლილებებს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ. ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შევუქმნით კოალიციას არც ერთი სცენარის შემთხვევაში და ამასთან, არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი გეზი და აუცილებელი ამ ორი პირობის დაცვა გარდამტეხი ცვლილებებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.