ივანიშვილს წინ დაუდეს სანქციების მუქარა, მოუწევს მელიას გათავისუფლება – სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებით დაემუქრნენ, ამიტომ ნიკა მელია ციხეს უახლოეს დღეებში დატოვებს.

“მე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის. თუ ის ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას დაუდეს წინ პირდაპირი მუქარა სანქციების, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, და მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები. ამიტომ უახლოესი მაქსიმუმ კვირების და პრინციპში დღეების განმავლობაში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე”,- თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, არ შეიძლება პლებისციტზე დათანხმება, რადგან ივანიშვილი დროის მოიგებს და მოისყიდის და დააშინებს ადამიანებს.

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშილი. მას უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ არის და სადაც, დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს პლებისციტი და აუცილებლად წააგებს პლებისციტს, მერე ექნება რამდენიმე თვე იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს ათეულობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გავქვს არც ერთი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა”,- აცხადებს სააკაშვილი.