ილონ მასკმა ტვიტერის ყიდვა დააპაუზა. კომპანიის აქციების ფასმა ვარდნა დაიწყო

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ ტვიტერის ყიდვის პროცესი დააპაუზა. ბიზნესმენმა თქვა, რომ 44 მილიარდიანი გარიგება შეჩერებულია იმ დრომდე, სანამ სოციალურ ქსელში ყალბი ექაუნთების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ მიიღებს.

კომპანიის აქციების ფასი დაუყოვნებლივ 25%–ით დავარდა, თუმცა მოგვიანებით ვარდნა შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ახალ ტვიტში დაწერა, რომ კვლავ განზრახული აქვს გარიგების ბოლომდე მიყვანა.

მასკი ამტკიცებს, რომ ელოდება ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს გათვლებს იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების წილი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების 5%–ს არ აღემატება.

თუმცა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ის ცდილობს გარიგების ფასი დააგდოს და შესაძლოა მიზეზსაც ეძებდეს, რომ კომპანიის ყიდვაზე უარი თქვას.

გარიგების პირობების მიხედვით ის მხარე,რომელიც  ხელშეკრულების დადებას გადაიფიქრებს, პირსაგამტეხლოს – 1 მილიარდ დოლარს გადაიხდის.

დაახლოებით ორი კვირის წინ ტვიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წლის პირველ სამ თვეში ქსელის ყალბი ანგარიშების რაოდენობა 5%–ზე ნაკლები იყო.

ამის მიუხედავად, კომპანიას წამოცდა, რომ ზუსტად ასეთი ანგარიშების დადგენა არსებული ინსტრუმენტების საშუალებით რთულია. “ფაქტიურად ფეიქ ექაუნთების რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, ვიდრე ვვარაუდობდით. მაგრამ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სრულვყოთ ჩვენ შესაძლებლობები მათი რაოდენობის სწორად შეფასებისთვის“– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად აღიარებული ბიზნესმენი ამჟამად კომპანიის ანგარიშს სწავლობს.